წითელი წიწკა
წითელი წიწკა

წიწაკა (Capsicum) - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ერთ და მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები და ბუჩქბალახებია, ძირითადად თეთრი, ან იისფერი ყვავილებითა და მრავალფეროვანი ფორმის, ზომის და ფერის ნაყოფებით. გვარის სახელწოდება წამოსულია ლათინური სიტყვიდან сápsа - ჩანთა - ნაყოფის ჩანთისებური ფორმის გამო.
წიწაკის სამშობლოდ მიჩნეულია სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული რაიონები. კულტურაში შევიდა მაიას და ატცეკების ტომების მიერ, რომლებიც წიწაკის ცხარე ნაყოფებს მარილის ნაცვლად, ტკბილ წიწაკებს კი ბოსტნეულად იყენებდნენ. გვარი მოხსენიებულია ატცეკების კოდექსებში სახელით „ჩილე“ (წითელი წიწაკა, ჩილი).
მძაფრი არომატის მქონე მცენარეა ცხარე და ძალიან მწველი გემოთი, რომელსაც აძლევს ალკალოიდი კაპსაცინი. იგი ყველაზე მეტია თესლებსა და ტიხრებში. ამიტომ, სიცხარის შესამცირებლად, ამ ნაწილებს აცლიან ხოლმე. კაპსაცინი არ არის ბულგარულ წიწაკაში. წიწაკა მდიდარია C, A, B ვიტამინებით, შაქრებით, მინერალური მარილებით, ეთერზეთებითა და ცხიმოვანი ზეთებით. გამოიყენება, როგორც სანელებელი და სამკურნალო მცენარე. კულტივირებულია მთელ მსოფლიოში.
მედიცინაში გრძელი წიწაკის მწარე ჯიშებისგან ამზადებენ მადის მომგვრელ და მონელების გასაუმჯობესებელ ნაყენებს, ლინიმენტებს (წიწაკის მალამო), წიწაკის საფენებს (перцовый пластырь). გამოიყენება ასევე სხვადასხვა შოკის, სისხლდენების, სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.
გვარი აერთიანებს 40-მდე სახეობას, თუმცა, წიწაკის ახალი ჯიშების, სახესხვაობების, ფორმების და სანელებლის სორტების მისაღებად, ძირითადად წიწაკის 5 სახეობაა გამოყენებული:
Capsicum annuum L. - ერთწლიანი, გრძელი, ბოსტნეულის, წითელი, ტკბილი;
C. frutescens L. - კოლუმბიური, მწარე, ბუჩქისებური;
C. baccatum L. - კენკრისებური;
C. chinense Jacq. - ჩინური;
C. pubescens Ruiz & Pav. - როკოტო.
წიწაკების ასორტიმენტი
გემური თვისებების და მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით, წიწაკები შემდეგნაირად შეიძლება დავაჯგუფოთ:
წითელი წიწაკა - სადაც გაერთიანებულია წიწაკის სუსტად და საშუალოდ ცხარე ფორმები, როგორც გრძელი, ისე განსხვავებული ფორმის ნაყოფებით;
წიწაკა ჩილი - ცხარე და ძალიან ცხარე ფორმები, როგორც გრძელი, ისე სხვა სახეობების წიწაკებისა;
ტკბილი წიწაკა - სასალათე, ტკბილი და სუსტად ცხარე ფორმები;
ჯუჯა წიწაკები - ქოთნის, ჯუჯა და დეკორატიული ფორმები, ძირითადად საშუალო და ძლიერი სიცხარის.
გრძელი წიწაკა, წითელი წიწაკა (Cápsicum ánnuum) - ერთწლიანი მცენარეა, რომელიც ბოსტნეული კულტურის სახით მოყავთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მისი ჯიშები იყოფა მწარე და ტკბილ ფორმებად. მწარე ფორმები წითელი წიწაკის, ან ჩილის სახელითაა ცნობილი, ტკბილი ფორმები - ბულგარული წიწაკის სახელით.
Jalapeno pepper
წითელი, გრძელი წიწაკა - ევროპაში „ინდიელების სუნელის“ სახელით ცნობილი წითელი წიწაკის ჯიშები დიდი ოდენობით მოყავთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. უფრო ცხარე სახესხვაობები წითელი წიწაკისა, გვხვდება „ჩილის“ სახელით: ხალაპენიო (Jalapeno pepper) ერთერთი ყველაზე ცნობილი, საშუალო სიცხარის წიწაკაა ოდნავ მომჟავო გემოთი. შეერთებულ შტატებში წარმოებაში პირველ ადგილზეა. 1995 წელს დასახელდა ტექსასის შტატის სიმბოლოდ.
ჩიპოტლეთი შეზავებული კერძი
წითელი ნაყოფებისგან მზადდება სახესხვაობა ჩიპოტლე (chipotle - შებოლილი ჩილი) - შებოლილი არომატის, თამბაქოს და შოკოლადის გემოს მექსიკური ცხარე წიწაკა. პასილია ბახო (Pasilla Bajio) - ჯიში ფასობს კვამლის, მსუბუქად ცხარე, მდიდარი გემოს გამო. შოტლანდიური ბერეტი (Scotch Bonnet) - სამშობლოა იამაიკა. ზანზალაკის ფორმის ნაყოფების წიწაკა მიეკუთვნება ძალიან ცხარე წიწაკებს სასიამოვნო არომატით. ტრინიდადის მორიელი (Trinidad Scorpion) - ტრინიდადის ჯიშია. „Trinidad Scorpion Butch T“, 2011 წელს შეტანილი გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ცხარე წიწაკა მსოფლიოში.
ტრინიდადის ჯიშის წიწაკა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოს ყველაზე ცხარე წიწაკა
2012 წელს რეკორდი გადაიბარა „Trinidad Scorpion Moruga Blend“. ტრინიდადის მორიელს იყენებენ ცრემლსადენი გაზისთვის, მისგან მიღებული კაპსაცინი კი ემატება ხომალდების საღებავს, მოლუსკებისგან დასაცავად.
ესპელეტი (Piment D'Espelette Pepper) - ბასკების საყვარელი წიწაკაა, მოტკბო, მსუბუქად ცხარე, ინტენსიური გემოთი და მწიფე პომიდვრის, გამომცხვარი პურის და წიწაკის ნატიფი არომატით. დიდი ჯიმი (Numex Big Jim) - ერთერთი ყველაზე დიდი ნაყოფების მქონე, წიწაკის მოყვარულთა ფავორიტი ჯიშია არომატისა და გემური თვისებების გამო.
კაიენური წიწაკა
კაიენური წიწაკა - გრძელი წითელი წიწაკის ჯიშების ჯგუფია. სხვა ჯიშებისგან გამოირჩევა დიდი რაოდენობით კაპსაცინის შემცველობით და მძაფრი ცხარე გემოთი. გამოიყენება აგრეთვე, გაზის იარაღებსა და ბალონებში. ცნობილია მისი რამდენიმე სახესხვაობა. კოლუმბიური წიწაკა, მწარე წიწაკა, ჩილი (Capsicum frutescens) - ინდონეზიის კუნძულ იავადან წამოსული, მწარე წიწაკის სახეობა და ჯიშების ჯგუფი, რომელიც უძველესი დროიდანაა კულტივირებული ლათინურ ამერიკაში და დიდი ოდენობით მოყავთ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში.
განსხვავებული ფორმის და ზომის მწვანე, ან იისფერი ნაყოფები მომწიფებისას თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ყავისფერი და უფრო მუქი ფერის ხდება. ნაყოფების ფერი და გემო იცვლება სიმწიფის და აგროტექნიკური დამუშავების მიხედვით.
წიწაკა „ჩილის“ ჯიშებია: შავი კობრა (Black Cobra Chili Pepper) - იშვიათი ჯიში მკვეთრი ცხარე გემოთი. ატომური გული (Unique Atomic Heart hot chili pepper) - ერთადერთი ჯიშია გულის ფორმის ნაყოფებით, ცხარე გემოთი და სასიამოვნო არომატით. სანტა ფე გრანდე (Santa Fe Grande) - ძალიან პოპულარული ჯიშია, მსუბუქად ცხარე, მოტკბო ნაყოფებით. ახი ამარილო (Aji Amarillo Chilli) - საშუალო, ან ძლიერი სიცხარის წიწაკაა ქიშმიშისა და მშრალი პომიდვრის ნაზი არომატით. პერუში ყველაზე გავრცელებული ჯიშია. წითელი ჩერი (Red Cherry Chili Pepper) - 1860 წლიდან ცნობილი ჯიშია. ალუბლის მსგავსი, მრგვალი, წვნიანი ნაყოფებით. ინდური ცხარე წიწაკა (Naga Bhut Jolokia) - ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ყველაზე ცხარე ჯიშია. 2007 წელს შეტანილ იქნა გინესის რეკორდების წიგნში.
გამომშრალი ხაბანერო
ჩინური წიწაკა, ხაბანერო (Capsicum chinense) - სამხრეთ ამერიკული წარმოშობის ძლიერ ცხარე წიწაკის სახეობა და ჯიშების ჯგუფია, ყვავილების არომატით. გულის მოყვანილობის ნაყოფები მცირე ზომისაა, კონუსური, ფანარის ფორმის, ნაოჭიანი, თავდაპირველად მწვანე, შემდეგ სტაფილოსფერი, თეთრი, ვარდისფერი, ან წითელი. ძირითადად იხმარება მშრალი სახით. პოპულარული ჯიშებია: ატმისფერი (Peach Habanero) - ერთ-ერთი ყველაზე ცხარე და გემრიელი ჯიშია ატმისფერი ნაყოფებით. იამაიკური შოკოლადის (Habanero Jamaican Hot Chocolate) - გარგრის სასიამოვნო არომატით. „წითელი სავინა“ (Habanero Red Savina) - სასიამოვნო ყვავილებისა და ციტრუსების არომატით. 1999-2006 წლებში იყო გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ცხარე წიწაკა. თეთრი (Habanero White) - იშვიათი ჯიშია ფაიფურისფერი ნაყოფებით. მაიას წითელი (Habanero Maya Red) - ერთერთი ყველაზე ცხარე წიწაკაა, რომელსაც მაიას ტომები მოიხმარდნენ.
როკოტო, ხემაგვარი ჩილი (Capsicum pubescens) - პერუს და კოლუმბიის ანდებში გავრცელებული, მრავალწლოვანი ბუჩქია, ცხარე, არომატული, თავიდან მწვანე, მომწიფებისას ყვითელი, ნარინჯისფერი, ან წითელი მსხვილი, ხორციანი წვნიანი ნაყოფებით და სხვა წიწაკებისგან გამორჩეული შავი თესლებით. იყენებენ ნედლი სახით. სამხრეთ ამერიკის ერთერთი ძველი სახეობაა, კულტურაში შესული 6000 წლის წინ.
ტკბილი და ბულგარული წიწაკები
ტკბილი წიწაკები - ჯგუფში გაერთიანებულია გრძელი წიწაკის რამდენიმე ვარიაცია, ქვესახეობა და ჯიში, აგრეთვე, სხვა სახეობები: C.annuum var. annuum - სასალათე; C.annuum subsp. grossum - ტკბილი და ბულგარული წიწაკები; C.annuum var. acuminatum; С. pubescens, С.angulosum; С.conicum და სხვ.
ტკბილი წიწაკის ჯიშებისგან ამზადებენ სანელებლებს პაპრიკა და ალეპო.
პაპრიკა - მოტკბო გემოს, ოდნავ ცხარე, ფხვნილისმაგვარი სანელებელი გრძელი წითელი წიწაკის (C.annuum) ტკბილი და სუსტად ცხარე ჯიშებისგან. ფხვნილის სიცხარე დამოკიდებულია ჯიშების, თესლების და ტიხრების პროპორციით ფხვნილში. დიდი ოდენობით შეიცავს შაქარს. ცნობილია პაპრიკის 7 სხვადასხვა სორტი: დელიკატესური - ღია წითლიდან მუქ წითლამდე, საშუალოდ დაფქვილი, ოდნავ ცხარე; კეთილშობილი ტკბილი - მუქი წითელი, ნაზი არომატით და მსუბუქი სიცხარით, საშუალოდ დაფქვილი; ნახევრად ტკბილი - ღია წითელი, საშუალო სიცხარის, მოტკბო გემოთი; სპეციალური - მკვეთრი წითელი, ტკბილი, წვრილად დაფქვილი, რბილი გემოთი; ვარდისფერი - ბაცი წითელი, საშუალოდ დაფქვილი, მძაფრი არომატით და საშუალო სიცხარით; ნაზი - ღია წითლიდან მუქ წითლამდე, საშუალოდ დაფქვილი, არა ცხარე, მსუბუქი გემოთი; ცხარე - მოყვითალო-ყავისფერ-წითელი, საშუალოდ დაფქვილი, მწველი სიცხარით.
ალეპოს წიწაკა, ხალები, პულ-ბიბერი (халяби, халеби) - სირიასა და თურქეთში მოყვანილი ტკბილი წიწაკის ზომიერად ცხარე, მუქ წითელ შეფერვამდე მომწიფებულ, თელსებგამოცლილ, მზეზე გამშრალ, დაფქვილ, ან დაღერღილ ნაყოფებს ურევენ ზეითუნის ზეთს და ცოტა მარილს. სანელებლის ბალანსირებული გემოს შეცვლა სხვა წიწაკებით ვერ ხდება.
და ბოლოს, წიწაკის ჯუჯა ფორმები - გაერთიანებულია Capsicum annuum subsp. minimum ქვესახეობის და წიწაკის სხვა სახეობების ჯიშები და ფორმები. ძირითადად 20-50 სმ. სიმაღლის, ქოთნის მცენარეებია, 2-2,5 სმ. სიგრძის ნაყოფებით, რომლებიც მოყავთ, ასევე დეკორატიული მიზნით:
სუფრის ჯუჯა წიწაკა (Capsicum minimum Roxb) - საშუალოდ ცხარე წიწაკაა. მას ფრინველის წიწაკასაც ეძახიან, რადგან ცვლის ფრინველის ბუმბულისა და კვერცხის ფერს. ზოგ ქვეყანაში სპეციალურად ამატებენ ფრინველის საკვებს.
ბოლივიის ცისარტყელა
„ბოლივიის ცისარტყელა“ (Bolivian Rainbow Pepper) - წვეთის ფორმის, ძალიან ცხარე ნაყოფები ჯერ იისფერი, ქლიავისფერი, ნარინჯისფერი და მომწიფებისას - ცეცხლისფერი, ერთდროულადაა მცენარეზე. ტაივანური ჩილი, ჩიტისთვალა (Thai Hot Chili Pepper) - მექსიკური წარმომავლობის წიწაკა XV საუკუნეში შეიტანეს აზიაში. ცხარე, არომატული წიწაკა დღეს ტაივანური სამზარეულოს საპატიო სანელებელია. მედუზა (Medusa pepper) - პიკანტური, ზომიერად ცხარე სპილოს ძვლის ფერი ნაყოფები ყვითელი, ნარინჯისფერი და საბოლოოდ - კაშკაშა ცეცხლისფერი ხდება. ერთერთი ყველაზე ლამაზი ჯიშია. ლურჯი ფილიუსი (Filius Blue) - მცირე ზომის ბუჩქი იისფერი ყვავილებით, თეთრი გულით და მუქი ლურჯი მტვრიანებით უჩვეულო სანახავია. ცხარე, წვრილი, მრგვალი ნაყოფები ჯერ მწვანეა, მომწიფებისას იისფერ-ლურჯი, ყვითელი, ბოლოს წითელი და ოდნავ მოტკბო ხდება. ერთდროულად ყველა ფერის ნაყოფები განსაკუთრებულ დეკორატიულობას აძლევს მცენარეს. ჯიში დაჯილდოებულია AGM პრემიით (Award of Garden Merit).