„ვეფხისტყაოსანი“ - საინტერესო ვერსია: მაჰმადიანი რუსთაველი და პოემის გაგრძელება
„ვეფხისტყაოსანი“ - საინტერესო ვერსია: მაჰმადიანი რუსთაველი და პოემის გაგრძელება

„ვეფხისტყაოსანი“ პირველად ძალიან ადრეულ ასაკში გამაცნეს მშობლებმა. ბუნებრივია, ბევრი რამის აღქმა გამიჭირდა. ვერაფრით ვიგებდი, ან გმირი მამაცი ტარიელი (სხვა მამაკაცი გმირებიც) ასე ხშირად რატომ ტიროდა, ან რატომ ინდოეთი, არაბეთი და არა საქართველო?
მოგვიანებით, როდესაც საფუძვლიანად (დილეტანტის კვალობაზე) გავეცანი შოთა რუსთაველის გენიალურ ქმნილებას, ბევრ კითხვაზე პასუხი აღმოვაჩინე, თუმცა, ტარიელის გაუთავებელ „ცრემლთა დენას“ მაინც ვერაფრით შევეგუე. ბავშვობის მოგონებებს ამით დავასრულებ და გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს ამ უკვდავი პოემის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს.
ქართველი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შოთა რუსთაველი ჰელიოცენტრისტი იყო (ასტრონომიული მოდელი, რომლის მიხედვითაც დედამიწა და სხვა პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ). საბედნიეროდ, საქართველოში ინკვიზიცია არ იყო, თორემ რუსთაველს ჯორდანო ბრუნოს ბედი არ ასცდებოდა. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ დიდი დანტე ალეგიერი გეოცენტრისტი (სამყაროს ცენტრად დედამიწის წარმოსახვა) გახლდათ.
კაცობრიობას 5 ასეული წელი და კოპერნიკის გენია დასჭირდა, რომ რუსთაველის ეს მოსაზრება ჭეშმარიტებად ეღიარებინა.
1917 წელს ცნობილმა მეცნიერმა ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი მაჰმადიანი ქართველი იყო და ამის საბუთად მოჰყავდა ის, რომ:
- პოემაში მრავლადაა არაბულ-სპარსული სიტყვები;
- არსად არის ნახსენები სამება, ხოლო პოემის გმირები ერთ ღმერთს აღიარებენ;
- ფაბულა და სიუჟეტი მაჰმადიანურია;
- არსად გვხვდება ციტატები საღმრთო წერილებიდან.
ამაზე მას უპასუხეს, რომ მოქმედება ხდება მაჰამდიანურ ქვეყანაში და შესაბამისად, სიუჟეტიცა და ფაბულაც მაჰმადიანურია; რომ პოემის გმირები თუ ერთ ღმერთს აღიარებენ, ასევე ერთ ღმერთს აღიარებს ქრისტიანობაცა და იუდაიზმიც; რომ პოემაში სამებისა და ღვთისმშობლის არმოხსენიება გასაკვირი არ არის, ვინაიდან „ვეფხისტყაოსანი“ მხატვრული ნაწარმოებია და არა „ლოცვანი"...
საბოლოოდ, ნიკო მარი არ შერჩა თავის თავდაპირველ მოსაზრებას და უარყო იგი.
youtube embed goes here!
,,ვეფხისტყაოსანი" და ქრისტიანობა
„ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით აკაკი წერეთელსაც ჰქონია თავისი მოსაზრებები და ამ თემაზე რამდენიმე ლექციაც წაუკითხავს, მათ შორის პეტერბურგშიც. მისი ერთი იდეა ფრიად საკამათო გამხდარა. კერძოდ, აკაკის აზრით, რუსთაველმა პოემაში საქართველოს სამი სხვადასხვა კუთხის ქართველი გამოსახა:
- ქართლელი ტარიელი — რადგანაც ზარმაცია;
- იმერელი ავთანდილი — რადგანაც წინდახედულია და ცბიერი;
- ფრიდონი კი იმის გამო, რომ „ცოტა აქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე-მიუწვდომელი“ — ზღვისპირელი ქართველია.
აკაკისთვის ილია ჭავჭავაძეს გაუცია პასუხი, ამ ლიტერატურული სახეების უბრალო ეთნოგრაფიის საგნად გახდომა არ შეიძლება, რუსთაველი ზოგადსაკაცობრიო ტიპებს ხატავსო.
youtube embed goes here!
„ვეფხისტყაოსნის“ ქართული თრეილერი, 2012 წელი
რუსთაველის ქმნილებას არც მოშურნეები დაჰკლებია და არც კრიტოკოსები. XVIII საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი ლამის მიწასთან ასწორებს პოეტს:
- „მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა.“
საბედნიეროდ, მისი სიტყვები დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
პოემის დასურათება ბევრმა მხატვარმა სცადა. მათ შორის იყო რუსეთის სამეფო კარის მთავარი მხატვარი უნგრელი მიხაი ზიჩი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სახეების შესაქმნელად იმ პერიოდის ცნობილი ადამიანები გამოიყენა „მენატურეებად“: თავად რუსთაველის პროტოტიპი მამია გურიელი ყოფილა, ფარსადანისა — ჯამბაკურ გურიელი, თინათინისა — ნინო წერეთელი, ხოლო ქაიხოსრო გურიელის იერით როსტევან მეფე გამოსახა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ვეფხისტყაოსანში“ გამოყენებული სახელები, ერთის გარდა, არაქართულია, ძირითადად სპარსული ან არაბული. ეს ერთი და ქართული კი გახლავთ სახელი თინათინი.
ახლა ერთი, სტუდენტობის დროინდელი, ამბავიც მინდა გავიხსენო. მცირე ხანს ლექციებს გვიკითხავდა ცნობილი არაბისტი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი. მას ჰქონდა საშუალება ემუშავა კაიროს ცნობილი უნივერსიტეტის ალ-აზჰარის ბიბლიოთეკაში. ერთ-ერთ ლექციაზე გვიამბო, რომ უამრავ უძველეს მანუსკრიპტში წააწყდა „ვეფხისტყაოსნის“ არაბულ ვარიანტს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ვერსიით კი არ სრულდებოდა, არამედ გაგრძელება ჰქონდა. ეს იდეა ცნობილია და მას მხარს ბევრი მეცნიერი უჭერს.
უფრო მეტიც, მკვლევარი კონსტანტინე ჭიჭინაძე მიიჩნევდა, რომ შოთა რუსთაველის კალამს კიდევ, სულ მცირე, ორი პოემა ეკუთვნოდა.
სამწუხაროდ, ამ თემაზე სასაუბროდ ჩემი კომპეტენცია არ არის საკმარისი და მხოლოდ ამ ცნობებით შემოვიფარგლები, რომლებიც, იმედი მაქვს, თქვენთვის საინტერესო იყო.