უჩვეულოდ თოვლიან აპრილში დაბადებული ტალანტი - ელენე ახვლედიანი

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Apr 18, 2018
Help Translate This Item

ოცა შედიხარ ელენეს დარბაზებში და უმზერ კედლებს, მოფენილს მისი ნახატებით, გრძნობ, რომ მხატვრის სიცოცხლეს ბოლო არ უჩანს“, - წერდა ვერიკო ანჯაფარიძე ელენე ახვლედიანის შესახებ.

ახვლედიანების ოჯახი თელავში განთქმული იყო განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. მათს სახლში იკრიბებოდნენ მუსიკოსები და საღამოებს მართავდნენ. ყველას ახსოვს ყელმოღერებული ანა ვარდიაშვილი, ის მღეროდა და პატარა ელენე კი ფორტეპიანოზე აკომპანიმენტს უკეთებდა. დიახ, ელენე ახვლედიანს გასაოცარი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, მშობლებსაც სურდათ, მუსიკოსი გამოსულიყო.

  • „ხატვა ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ მუსიკა მიყვარდა უფრო მეტად. თუ სახლში ვარ, მუსიკის გარეშე არ ვხატავ“, – ამბობდა მხატვარი.


1911 წელს ოჯახი თელავიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, პატარა ელენე ქალთა გიმნაზიაში შეიყვანეს და გეგმები შეიცვალა...

ნიკოლა სკლიფასოვსკი - ზიგმუნტ ვალიშევსკის ნახატი

სასწავლებელში ხატვას ასწავლიდა ცნობილი პოლონელი მხატვარი და პედაგოგი ნიკოლა სკლიფასოვსკი. სწორედ, მან დაინახა პატარა ბავშვში მომავალი დიდი მხატვარი. მშობლებისთვის უთქვამს, არ ვიცი, ეს გოგო როგორი მუსიკოსი გახდება, მაგრამ ძალიან კარგი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას გაძლევთო.

როგორც ამბობენ, სკლიფასოვსკი ბავშვებს ღია ცის ქვეშ ასწავლიდა ხატვას, დაჰყავდა ისინი სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში... სწავლების ამ უჩვეულო მეთოდმა ელენეზე დიდი გავლენა იქონია. მალე ის ცნობილი პეიზაჟისტი გახდა.

ელენე ახვლედიანის ნახატი

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკამდემიაში გიგო გაბაშვილის კლასში გააგრძელა სწავლა. იმასაც წერენ, რომ  პატარა ელენე ახვლედიანის ნახატები პირველად ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. ის თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში ასწავლიდა და კლასის თანდასწრებით უთქვამს: 

Participant say

„ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე... თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”.

ბარემ აქვე ვიტყვით, რომ ელენე ახვლედიანის დაბადების თარიღად ოფიციალურ წყაროებში 1901 წელია მითითებული, თუმცა ნათლობის დოკუმენტში 1898 წელია უწერია.

როცა ელენე დაბადებულა, უჩვეულოდ თოვლიანი აპრილი ყოფილა - ამით ბუნებამ ტალანტის დაბადება თუ გვამცნო!

ელენე ახვლედიანს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა დედის მიმართ. დედამისი ელისაბედ ერისთავი - ქართული ქირურგიის დამაარსებლის, კონსტანტინე ერისთავის, ბიძაშვილი იყო. 1927 წელს მხატვარმა მოულოდნელად დატოვა პარიზი. დაგეგმილი იყო ჰოლანდიაში მისი გამოფენა. ნახატები თვითმფრინავით წაიღეს. თავადაც უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ საქართველოდან ცნობა მიიღო, რომ დედამისი ძალიან ავად იყო. ყველაფერი მიატოვა და დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მისი ყველა ნახატი დაიკარგა, მაგრამ ამას არ განიცდიდაო, რადგან მისთვის მთავარი ის იყო, რომ დედას ცოცხალს ჩამოუსწრო. ამის შემდეგ უცხოეთში სამუშაოდ აღარ წასულა!

ელენე ახვლედიანი და აპოლონ კაკაბაძე

1922 წელს ელენე ახვლედიანი დაქორწინდა აგრონომ აპოლონ კაკაბაძეზე. ჯვარი ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს, შემდეგ ფაეტონით რუსთაველის გამზირზე გაისეირნეს. მხატვარმა ქორწილში პოეტი იოსებ გრიშაშვილიც დაპატიჟა. საქმე ის არის, რომ გრიშაშვილს ელენე უყვარდა, მისულა ქორწილში და მწარე ლექსებიც წაუკითხავს:

„სიყვარულის საკითხებში შენ გრიშაშვილს ვერ წაბაძე
და ამიტომ მე არ მომწონს შენი ქმარი კაკაბაძე“.

ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ძალიან ეჭვიანი მეუღლე შეხვდა. ელენემ კი ეს ვერ აიტანა და იტალიაში ყოფნის დროს დაშორდნენ ერთმანეთს. აპოლონი საქართველოში წამოვიდა, დაფეხმძიმებული ელენე კი საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზში მანქანის მართვის სწავლა დაიწყო, ავტოავარიაში მოყვა და ბავშვი დაკარგა.

youtube embed goes here!

ელენე ახვლედიანის სახლ–მუზეუმის მენეჯერი თამილა თევდორაძე იხსენებს:

  • „სულ იმას ამბობდა, მე მუსიკა უფრო მიყვარსო, ამიტომ მის სახლში მუდამ მუსიკის ჰანგები ჟღერდა, მით უმეტეს, ხატვის პროცესში. რიხტერი მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო და, როცა თბილისში ჩამოდიოდა, მის სახლში ჩერდებოდა. ამ როიალთან იჯდა და რეპეტიციებს გადიოდა. მეზობლები იხსენებდნენ, ქიაჩელის ქუჩაზე ქვაფენილზე ჩამოვსხდებოდით და რიხტერის უფასო კონცერტებს ვუსმენდითო. რიხტერი ძალიან კარგად ხატავდა კიდეც. ელენემ სიცოცხლის ბოლო წელს სახლის ერთ კუთხეში თავისი სურათები ჩამოხსნა და რიხტერის ნახატები დაკიდა. გამოფენა მოაწყო, რომელსაც ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა. მეგობრებს ასე ედგა გვერდით. თურმე ერთხელ სინანულით უთქვამს, რიხტერი შესანიშნავი მუსიკოსია და ასევე კარგად ხატავს, მე კი ხატვა დავიწყე და მუსიკას თავი დავანებეო. რიხტერთან მოსკოვში სტუმრად ხშირად დადიოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი მათ სახლში ცხოვრობდა“.

ელენე ახვლედიანი

1975 წლის 28 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ელენეს ბრიგადის“ წევრი მხატვარი ქალების გამოფენა მოეწყო. როდესაც ქალბატონი ელენე სცენაზე გავიდა სიტყვის წარმოსათქმელად, ხელი აუკანკალდა. მასთან მისი მეგობარი, ხელოვნებათმცოდნე ნათელა ურუშაძე მივიდა და ჰკითხა, რა დაგემართაო. მან კი უთხრა:

  • „რა სირცხვილია, ამდენი ადამიანის თვალწინ…“ - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.


ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი დღე უგონოდ იყო, 30 დეკემბერს კი გარდაიცვალა...

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021