ქალის სურნელი, ანუ რატომ უნდა ვაჩუქოთ ქალებს „შანელი № 5“
ქალის სურნელი, ანუ რატომ უნდა ვაჩუქოთ ქალებს „შანელი № 5“

ადამიანი შეიძლება იყოს ობოლი, ხელმოკლე, გაიზარდოს ბავშვთა სახლში, ხელიდან გამოეცალოს საყვარელი ადამიანი, მაგრამ მაინც მიაღწიოს საოცარ წარმატებას...
დიახ, ესაა ისტორია უკიდურესად პოპულარული ქალისა, რომელმაც 20 წლისამ დატოვა ბავშვთა სახლი და კერვა და სიმღერა ერთდროულად დაიწყო.
გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელმა შექმნა არა მარტო განუმეორებელი სტილი, სუნამოებისა და პარფიუმერიის ხაზი, არამედ საკუთარი თავიც — თამამი ექსპერიმენტებითა და სრულყოფილებისაკენ დაუღალავი სწრაფვით.
- Per fumum - ლათინური წარმოშობის სიტყვა, ითარგმნება როგორც „კვამლის გავლით“. არომატების გავლენას ადამიანზე ჯერ კიდევ ძველ მესოპოტამიაში იცნობდნენ. სუნამოს ღმერთების მიერ შექმნილ საოცრებად მიიჩნევდნენ და ის ოქროზე ძვირი ღირდა. ძველ ეგვიპტეში კი ვულკანური წარმოშობის მინებში ატარებდნენ სურნელს, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ადამიანს აპკურებდნენ.
მიიჩნევა, რომ თუ სამოსი სხეულის მოხაზულობას გამოკვეთს, სუნამო ადამიანის სულიერებას ავლენს, მის ისტორიას ჰყვება.
დღეს ყველაზე პოპულარული სუნამოს, „შანელი N5-ის“ ისტორიას გიამბობთ, რომლის პოპულარიზაციისთვის კოკო შანელმა მართლაც საოცარი რიტუალები ჩაატარა.
სწორედ ამიტომაც უჭირავს ამ სუნამოს დღემდე პირველი ადგილი გაყიდვების ისტორიაში.
ამ არაჩვეულებრივ, „ღმერთების სუნამოდ“ წოდებულ სურნელზე მუშაობა, რომელიც 80 კომპონენტისგანაა დამზადებული, კოკომ 1920 წელს დაიწყო — როცა გენიალური ქიმიკოსი და პარფიუმერი ერნესტ ბო გაიცნო. იმ დროისათვის უკვე მთელი პარიზი პატარა, შავ კაბას ატარებდა.
საერთოდ, შანელს არ უყვარდა სუნამოები. მათი სურნელი თავს ატკივებდა, ზედმეტად მკვეთრი იყო მისთვის. ამიტომ გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი არომატი, რომელშიც მთელი ქალური იდუმალება იქნებოდა ჩადებული და არასდროს დაავიწყდებოდა ადამიანს, რომელსაც ერთხელ ჩაუვლიდი გვერდს.
კოკო შანელი და ერნესტ ბო
და დაიწყო ექსპერიმენტები. სხვადასხვა ფლაკონში სხვადასხვა დოზით შეაზავეს ყვავილებისაგან მიღებული სურნელები. ერთ-ერთ ასეთ ნაზავს, რომელიც 5 ნომრით იყო მონიშნული, მოდის ქალღმერთი განსაკუთრებით აღუფრთოვანებია. სწორედ ამიტომ უწოდებია მისთვის „შანელი №5“.
თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ თითქოს კოკო შანელმა ამ არომატს, რომელიც, ბედის ირონიით, არასწორი პროპორციებით იყო შეზავებული (და იქნებ ამიტომაც — გენიალური), საკუთარი ჰოროსკოპის სახლის ნომრის მიხედვით შეურჩია სახელი. კოკო 19 აგვისტოს, ანუ ლომის — ზოდიაქოს მეხუთე ნიშნის ქვეშ გახლდათ დაბადებული.
გამორიცხული არ არის, რომ ასეც იყოს. შანელი მთელი ცხოვრება ნუმეროლოგიასა და მისტიკურ სიმბოლოებში ეძებდა წარმატების საიდუმლოს და, როგორც ჩანს, სწორადაც.
youtube embed goes here!
შანელს არ უჩქარია ამ არაჩვეულებრივი არომატის ფართო საზოგადოებისთვის პრეზენტაცია. მან იმ დროისათვის საოცარი მარკეტინგული ხერხი გამოიყენა — სუნამო მხოლოდ პარიზის მაღალი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს აჩუქა, რომელიც ჩვეულებისამებრ გადაპრანჭულ ფლაკონში კი არა, არამედ მამაკაცური სტილის მინის ჭირჭელში იყო ჩასხმული. ამაშიც ნოვატორი აღმოჩნდა.
ახალმა და ძნელად ხელმისაწვდომმა სურნელმა პარიზის ელიტა იმდენად დააინტრიგა, რომ მისი სახელწოდების საიდუმლო საზოგადოებაც კი შექმნეს...
თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც „შანელი №5“ დაიბადა, მაგრამ დღესაც ვერავინ რჩება გულგრილი მსოფლიოს საუკეთესო არომატების დედოფლის მიმართ.
დიახ, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ, მამაკაცებო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ქალბატონი სურნელების სახლის ამ არაჩვეულებრივი ბინადრით. ეს თუნდაც იმის გამო ღირს, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც „შანელი №5-ის“ კლუბის წევრი ხდება, უჩვეულო ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას გრძნობს, ვინაიდან შლეიფად ლეგენდარული ქალის შექმნილი ლეგენდარული სურნელი მიჰყვება.