კატარელი მაჰმუდი, თბილისელი ლევანი და კახური სუფრა, ანუ გაუმარჯოს საქართველოს!

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Mar 5, 2018
Help Translate This Item

აჰმუდ ოსმან ეისა წარმოშობით სუდანელია, მაგრამ კატარში, დოხაში ცხოვრობს. საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა და ისე მოიხიბლა, რომ ახლა რეგულარულად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას.

საკუთარ შთაბეჭდილებებზე ის თავად უამბობს Sputnik -საქართველოს მკითხველებს პროექტში „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“.

ვიდეო ინტერნეტში და გამოფრენა საქართველოში

მაჰმუდ ოსმან ეისა თბილისში

სუდანელი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი კატარში გადავიდა საცხოვრებლად. ფელდშერი ვარ, სასწრაფო დახმარებაში ვმუშაობ.

საქართველოს შესახებ პირველად სარეკლამო რგოლიდან შევიტყვე, რომელსაც სოციალურ ქსელებში გადავაწყდი. ერთ დღეს, როცა ჩვეულებისამებრ „ვფურცლავდი“ საკუთარ სმარტფონს, რაღაც უჩვეულო სილამაზის ვიდეომ მომჭრა თვალი: მაღალ მთებს მწვანე მდელოები ენაცვლებოდა, ლურჯად მოლივლივე ზღვა ულამაზეს ქალაქს ესაზღვრებოდა, მჩქეფარე მდინარეების კამკამა წყალი ღრმა ხეობებში ინთქმებოდა...

და დოხის ქვიშიან პეიზაჟებს შეჩვეულმა ვიგრძენი, როგორ მომეწურა გული - ტკივილამდე მომინდა ამ სამოთხის ნახვა. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, დავგუგლე და ვნახე, რომ თბილისამდე ბილეთი ძვირი არ ღირდა, ფრენა სამ საათს გრძელდებოდა და ვიზა არ მჭირდებოდა. იმავე წამს გადავწყვიტე, რომ უნდა ჩამოვსულიყავი.

ავიღე ბილეთი და საქართველოსკენ გამოვწიე. არ იცით, რა ენით აღუწერელ სიხარულს ვყავდი ატანილი, სანამ თვითმფრინავში ჩაჯდომას ველოდებოდი...

ილუმინატორიდან თოვლით დაფარულ მთებს ვხედავდი, მიწაზე დაფრენილს კი ხასხასა სიმწვანემ და ელვარე მზემ მომჭრა თვალი. მივხვდი, რომ ეს იყო საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის.

გასეირნება თბილისში

თბილისის ქუჩებში პირველად რომ გავისეირნე, მივხვდი, რომ მანამდე მსგავსი არაფერი მენახა, მაგრამ ქალაქის თავისებურებამდე სხვა რამ შევნიშნე მყისიერად: საკმარისი იყო, ვინმესთვის რომელიმე ტურისტულ ობიექტის მდებარეობა-მისამართი მეკითხა, რომ ღიმილად დაღვრილიყო და სიამოვნებით დამხმარებოდა.

ერთ დღეს თბილისის ოპერას ვეძებდი. ვიარე, ვიარე, მაგრამ ვერა და ვერ მივაგენი. ავდექი და რუსთაველზე ერთ ტურისტულ სააგენტოში შევედი. თანამშრომელი გოგონა შემომეგება, რით დაგეხმაროთო, მკითხა. ავუხსენი ჩემი გასაჭირი და იმანაც დაუზარებლად დაწვრილებით მიმასწვალა, რა მიმართულებით უნდა მევლო, სად უნდა გადავსულიყავი ქუჩაზე, რომ სჯობდა, ავტობუსით გამევლო ის ერთი გაჩერება, ვინაიდან ციოდა - წვიმდა და ქარიც ქროდა.

მაჰმუდ ოსმან ეისა - კატარელი ფელდშერი

თქვენ შესაძლოა ვერ მიხვდეთ, რა არის ამაში უცნაური, მაგრამ სხვა ქვეყანაშიც მქონია მსგავსი შემთხვევა, სადაც დიდი-დიდი, ორი სიტყვით ეთქვათ, მარჯვნივ ან მარცხნივ წადიო. ამიტომაც დამიტოვა განუზომელი სითბო ამ უანგარო დახმარებამ. და კიდევ რწმენა იმისა, რომ ამ ქვეყანაში თუ რამე გამიჭირდებოდა, გვერდში მდგომი და მშველელი აუცილებლად გამომიჩნდებოდა.

აუცილებლად უნდა გიამბოთ, როგორ გავიცანი ჩემი მეგობარი ლევანი. ერთ დღეს შარდენზე ერთ კლუბში შევედი. ბარის წინ ჩამოვჯექი, კოქტეილი შევუკვეთე და წრუპვა დავიწყე. მალე ბიჭები შემოვიდნენ ჯგუფად და ახლოს დასხდნენ. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და სულ რაღაც ორ საათში ძველი მეგობრებივით დავშორდით ერთმანეთს. ოღონდ მანამდე კონტაქტები გავცვალეთ...

მაჰმუდი მეგობრებთან ერთად

ჰოდა, ორიოდე დღეში დამირეკეს, კახეთში დამპატიჟეს იქაურ პურმარილზე. სწორედ კახეთის სოფელში აღმოვაჩინე, რომ ქრთული სუფრა — ეს დიდი დღესასწაულია უამრავი გემრიელი კერძითა: ხაჭაპურით, ფხალეულით, ოჯახურით... მთავარი კი ლამაზი და თბილის სიტყვების ზღვაა, რომლითაც უცხოქვეყნელ კაცს შემხვდნენ.

იცით, თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ჭირს მეგობრის მოძებნა, მაგრამ საქართველოში ეს როგორღაც თავისთავად ხდება. ეს ცალკეული ადამიანების კი არა, მთელი ერის მახასიათებელი თვისებაა.

დოხა და თბილისი

ეს ორი ქალაქი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მათი შედარება შეუძლებელია. ხალხისაც, სხვათა შორის.

დოხა – ეს თანამედროვე, მინის, ბეტონისა და პლასტიკური მასალების მეგაპოლისია, სადაც შენი წუხილი, შენს სულში დატრიალებული ქარიშხალი
არავის აინტერესებს.

თბილისი კი სულის ქალაქია. გულითადობა მაღაზიაში პურის საყიდლად გასვლისასაც კი იგრძნობა. ხშირად მინახავს, როგორ დგანან ადამიანები თონესთან და სარკმლიდან როგორ ელაპარაკებიან მეპურეს.

ერთხელაც თავი ვერ შევიკავე, ცნობისმოყვარეობა ვერ მოვთოკე და ვკითხე, რაზე ლაპარაკობთ-მეთქი? მეთონემ არა, მაგრამ მყიდველმა იცოდა ინგლისური და უბრალოდ მიპასუხა, ცხოვრებაზეო. გავოგნდი!

საქართველომ ღრმა კვალი დამიტოვა გულში. საოცრად შემიყვარდა. უკვე მეხუთედ ვარ ჩამოსული. თბილისი, ქუთაისი, თელავი, რაჭა, სვანეთი, კახეთი შემოვიარე. ახლა თუშეთის ნახვა მინდა და ვნახავ კიდეც. მთავარი ისაა, რომ ყველგან თბილად და სიყვარულით მხვდებიან. ამიტომაც, გაუმარჯოს საქართველოს!

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021