საქართველოს ავი ბედისწერა სახელად აღა მაჰმად ხანი — კრწანისის ომი
საქართველოს ავი ბედისწერა სახელად აღა მაჰმად ხანი — კრწანისის ომი

ქართველ მეფეთა შორის მრავლად იყვნენ ნიჭიერი მხედართმთავრები, გამორჩეული პოლიტიკოსები და სამშობლოსა და რწმენისთვის თავგადადებული რაინდები. დიდებულ გმირთა ამ გალერეაში განსაკუთრებული ადგილი უდავოდ ეკუთვნის ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე ბაგრატიონს, ან უბრალოდ პატარა კახს, როგორც მას სიყვარულით შეარქვა ერმა და ბერმა.
განგებამ ინება, რომ სწორედ მის დროს დასტყდომოდა საქართველოს თავს ავი ბედისწერა სახელად აღა მაჰმად ხანი, რომელთან ომის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა.
კრწანისის ომში ქართველ მეომართა გამოჩენილმა გმირობამ, ალბათ, ყველა მანამდელი გადაწონა, მაგრამ ვაი, რომ კიდევ ერთხელ გამართლდა ბრძენთა ნათქვამი, ძალა აღმართს ხნავსო.
დაწვრილებით კრწანისის ტრაგედიის აღწერას ამ სტატიის ფორმატი აშკარად ვერ გაუძლებს, ამიტომ გიამბობთ მხოლოდ იმ დეტალებს, რაც ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა არ იყოს ცნობილი. მხოლოდ ამ ომის გმირთა „საქმენი საგმირონი“ მინდა მოგითხროთ.
სპარსელები პირველად 1795 წლის 8 სექტემბერს, იაღლუჯის მთის მიდამოებში გამოჩდნენ. დაზვერვაზე წასული ქართველთა თორმეტკაციანი რაზმი სწორედ იქ შეეფეთა მათ. მიუხედავად მტრის სიმრავლისა, უკან არ დაიხიეს და თერთმეტი მათგანი გმირულად შეაკვდა მტერს.
ცოცხლად გადარჩენილი რაზმის უფროსი გორჯასპ ნათალიშვილი მის მიერვე მოკლული სპარსელის ცხენს მოახტა, თბილისისაკენ გამოიქცა და ერეკლეს მტრის მოახლოვება აუწყა.
თელეთი-შინდისი-ტაბახმელის გზით თბილისისკენ მიმავალი გზა სპარსელებს ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა — აბომ და მეჯნუნმა მიასწავლეს. ერეკლეზე და მის მოკავშირე ყარაბაღის ხან იბრაჰიმზე ყოფილან განაწყენებულნი და ამიტომ მათ წინაამღდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ შაჰს.
ცუდ დღეში აღმოჩნდნენ ქართველი მეზარბაზნეები, რომლებსაც თაბორის ქედის ტერასებზე კი განელაგებინათ ზარბაზნები, მაგრამ მტრის სიმრავლის გამო მათ დატენას ვეღარ ასწრებდნენ.
საგულისხმოა, რომ სპარსელები მოწინააღმდეგის არტილერისტებს არ ხოცავდნენ, რათა მათი ცოდნა თავიანთი არმიის გასაძლიერებლად გამოეყენებინათ. ქართველ მეზარბაზნეებსაც შესთავაზეს დანებება. თავადმა გიორგი გურამიშვილმა, მეტსახელად ქუმელამ, რომელიც ერეკლეს ნათლული იყო, ქართველებს მიმართა:
- ჩვენი სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ შეგვიძლია უნამუსოდ დავნებდეთ ყიზილბაშებს. აბა, რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის თუ უნამუსოდ სიცოცხლეო?
ყველამ ერთხმად უპასუხა, ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ, ჩვენც იმათი შვილები ვართ, სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო.
მერე, წმინდა საიდუმლოს მაგიერი ეს იყოსო, თქვეს, სამი თითით მიწა აიღეს, ღმერთი ახსენეს და შეჭამეს. ეგრედ შეჰფიცეს ერთმანეთს მამულისთვის სახელით სიკვდილი.
youtube embed goes here!
კრწანისის გმირები - ქვიშით ნაამბობი
მერე მექვემეხეებმა მტერს ზარბაზნები დაუშინეს, სხვებმა ხმლები იშიშვლეს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს.
გურამიშვილმა სამი ყიზილბაში აკუწა ხმლით, მეოთხესაც მოუქნია, მაგრამ უმტყუნა მახვილმა და ზედ გადაატყდა სასიკვდილოდ განწირულ სპარსელს. უიარაღოდ დარჩენილი ქუმელა ზარბაზანს გადაეხვია ამ სიტყვებით: ღმერთო! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყოო…
ფიცხელ ომში იყო შესული ერეკლეს ვაჟი ვახტანგ (ალმასხან ) ბატონიშვილიც. სწორედ ის სარდლობდა უმამაცეს, რჩეულ მეომრებს — 300 არაგველს, ფშავ-ხევსურებსა და ქიზიყელებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დაუდეს ერეკლეს. მათ შეუერთდა თბილისელ მებრძოლთა რაზმიც, რომელსაც მაჩაბელა წინამძღოლობდა — „ეროვნებითა და სარწმუნოებით ქართველი“, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის.
youtube embed goes here!
ბატონიშვილმა და მისმა არაგველებმა გულდაგულ შეუტიეს მტერს, იქით მიიწევდნენ, სადაც აღა მაჰმად-ხანი ეგულებოდათ და გზადაგზა უმოწყალოდ კაფეს მომხდური. იქნებ მართლაც აღა მაჰმად-ხანის მოკვლა ჰქონდათ ერეკლესაგან დავალებული (როგორც ამას ისტორიკოსი ვახტანგ გურული ვარაუდობს), რადგან მხოლოდ ეს თუ შეცვლიდა უთანასწორო ომის ბედს.
შვიდ ერთმანეთთან ძმად გაფიცულ ფშავ-ხევსურს თითქმის მიუღწევია შაჰის კარვამდე, შიშველი ხელებით სცემიან სპარსთა დროშებს, ტარები მუხლებზე გადაუმტვრევიათ და კბილებით დაუფხრეწიათ მათი ალმები.
გაოცებული შეჰყურებდა თურმე შაჰი შვიდი შეფიცულის მძვინვარებას. უთქვამს:
სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არსადა მიხილავს მე წინაამღდეგნი ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა.
იმ მძიმე ომში ქართველთა ლაშქარი თითქმის განადგურდა, სიმღერით შეეგება სიკვდილს მაჩაბელას რაზმი, განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს სპარსელებმა ერეკლეს ერთგული ორასი თათარი, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მეფეს...
და საქმე პატარა კახის გადარჩენაზე მიდგა. „ეკვეთა მეფის ძე იოანე მახლობელი პაპამისის მოსრულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა და განარინა ხელთაგან მათთაგან მეფეო“, წერს თეიმურაზ ბატონიშვილი. ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ ომში შესულ მხცოვან მეფეს და ნელ-ნელა დაიწყეს უკან დახევა.
ძალით გაიყვანეს 75 წლის ერეკლე ბრძოლის ველიდან და მერმე ანანურისკენ გაიტაცეს.
აღა მაჰმადმა მდევარი დაადევნა პატარა კახს. ოთხი ათასი სპარსი მიადგა ჟინვალს. სამასმა არაგველმა მეომარმა და იმ მიდამოებში ერეკლეს ნებართვით მომთაბარე შამშადილელმა ორასმა მაჰმადიანმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს ყიზილბაშებს. ნახევარი გაჟლიტეს, ბევრიც დაატყვევეს და ანანურში მიჰგვარეს ერეკლეს...
youtube embed goes here!
მაგრამ ვერა უშველა რა ქართველთა გმირობამ მაშინ ქვეყანას. საქართველოს ავმა ბედისწერამ — ყაჯარმა საჭურისმა აღა მაჰმად-ხანმა საფუძველი მოურღვია გაუთავებელ ბრძოლებში ისედაც დასუსტებულ ქართლ-კახეთის სამეფოს, რომელიც კარგა ხნით გაქრა მსოფლიო რუკიდან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო...
ასეთი იყო ამბავი ქართველთა სამი ავი ბედისწერისა: ჯალალედინისა, შაჰ აბას პირველისა და აღა მამად-ხანისა. ამ და მის წინმსწრებ ორ წერილს მეცნიერული კვლევის პრეტენზია არ აქვს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ საქართველოს წარსული და გარდახდილი ომები — გამარჯვებების სიტკბო და მარცხის სიმწარე, ბრძოლაში მოკლული ჟინი და მოსახდელი ვალი... ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობას დღეს ეს სჭირდება.