აკაკი ბაქრაძე: ტყუილსა და სიცრუეზე ერისა და ქვეყნის მომავალი ვერ აშენდება
აკაკი ბაქრაძე: ტყუილსა და სიცრუეზე ერისა და ქვეყნის მომავალი ვერ აშენდება

აკაკი ბაქრაძე სრულიად გამორჩეული მოვლენა იყო მეოცე საუკუნის მოაზროვნეთა შორის. მისი მასშტაბი სწვდებოდა მრავალ სფეროს და ყველგან, სადაც კი მისი გონი შეაღწევდა, თავის კვალს ტოვებდა - კრიტიკული აზროვნებითა და ეროვნულის ნიშნით დაღდასმულს.
რთული და საინტერესო გზა განვლო, დაძაბული და ხშირად დრამატულიც. მისი რანგის მოაზროვნეს საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა და ამიტომაც მთელი ძალისხმევა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებისკენ მიმართა.
არადა, სად არ ატარა ბედისწერამ: უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთ "კიროველში" ლიტმუშაკად; გამომცემლობა "განათლების" მთავარი რედაქტორის მოადგილედ; მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკად; კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად; იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი; კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი; მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი... 1991-1996 წწ. ლექციებს კითხულობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
youtube embed goes here!
და, რაც მთავარია, აკაკი ბაქრაძე იკვლევდა ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს დაწყებული ძველი ქართული ლიტერატურით და მეოცე საუკუნის მწერლობის მიმდინარე პროცესებით გათავებული.
მთელი თავისი შეგნებით, არსებობით, კალმით ებრძოდა კომუნისტურ დიქტატურას, მაგრამ, ქვეყანაში მოქმედი წესის მიხედვით, თანამდებობის პირი ვერ გახდებოდა, თუ პარტიაში არ შევიდოდა. ამ პარადოქსის შესახებ ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ასეთ კურიოზს ყვებოდა:
„ჩვენი სასიქადულო აკაკი ბაქრაძე კარგა ხანს ჯიუტობდა, არ სურდა კომუნისტურ პარტიაში შესვლა. არადა, კომპარტიის მანდატის გარეშე თანამდებობაზე არ ნიშნავდნენ... საქმე იქამდე მივიდა, რომ კაკოს ცეკას პირველი მდივანი ესაუბრა პირისპირ და კომპარტიაში შესვლაზე დაითანხმა. წესისამებრ, მომავალი კომუნისტის „კურთხევის“ პროცესი პარტკომში ან რაიკომში ტარდებოდა. მას ადგილობრივ პარტიულ ბონზებთან ერთად, საქვეყნოდ ცნობილი, მუშა-გლეხი, გმირი კომუნისტებიც ესწრებოდნენ. კანდიდატს კითხვებს უსვამდნენ იდეოლოგიური კუთხით და მას შაბლონური პასუხები უნდა გაეცა. შემდეგ ლენინის ერთი-ორი გაზეპირებული ციტატაც უნდა ეთქვა და საქმე მოგვარებული იყო...
კაკოს „კურთხევა“ თბილისის ერთ-ერთ რაიკომში (შეგნებულად არ ვამხელ, რომელში) გაიმართა. იქ იმყოფებოდნენ: რაიკომის ყველა მდივანი – ნუმერაციის მიხედვით, ორი ცნობილი მუშა – სოციალისტური შრომის გმირები. მიმიწვიეს მეც და რაც მთავარია, მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოფრინდა საკავშირო კულტურის სამინისტროს პარტკომი, რომელსაც კაკოს „კურთხევის“ ვიზირება უნდა მოეხდინა. მთელი ეს პროცესი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და მთავარი, კურიოზული ის იყო, რომ, როდესაც კაკოს ლენინის ციტატების გამოკითხვა დაუწყეს, მან „გუდას პირი მოხსნა“ და თუკი მსოფლიოში ვინმე ცნობილი ანტიბოლშევიკი და ეროვნული მოღვაწე იყო, ყველას ციტატები და გამონათქვამები „ჩაარაკრაკა“ – დაწყებული ილია ჭავჭავაძით, მიხაკო წერეთლით თუ ამბროსი ხელაიათი, კანტით, ნიცშეთი და თვით, რასელით დამთავრებული, რომელიც კომუნისტებს ვერ იტანდა. პარტიული ბონზები, გმირი მუშები და თვით მოსკოველი სტუმარი პირდაღებული უსმენდნენ კაკოს – „ლენინის ამდენი ციტატა“ ასე ერთბაშად ალბათ, არასოდეს გაეგოთ. მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი...
ბოლოს მოსკოველმა სტუმარმა დიდი მოწიწებით ჩამოართვა ხელი კაკოს და „კომუნისტად აკურთხა“ და განსაკუთრებულად შეაქო ლენინის ციტატების სანიმუშო ცოდნისთვის“.
youtube embed goes here!
აკაკი ბაქრაძის ნააზრევი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. უფრო მეტიც, ის ღირებულებას წარმოადგენდა. ქართველი ერის ბედზე ჩაფიქრებულმა მამულიშვილმა ჩვენს გამოსაფხიზლებლად, ჩვენი განსაკუთრებულობით თავმოწონების საპირწონედ ასე გვირჩია:
- „ქართველ კაცს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც სხვა ერის ადამიანს არ ჩაუდენია. საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც სხვა ქვეყანაში (ყველაზე უფრო ცივილიზებულშიც კი) არ მომხდარა. შალვა ნუცუბიძემ თქვა ერთხელ ლექციაზე: ევროპას არა აქვს უფლება დაიკვეხნოს თავის კულტუროსნობით დანარჩენი კაცობრიობის წინაშე, სანამ მის პასპორტში ბართლომეს ღამე სწერიაო. ქართველიც ადამიანია და, ნებით თუ უნებლიეთ, სჩადის ბოროტებას. თუ ჩვენ ეს გვაშინებს, გულს გვიტეხს და სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, ეს იმიტომ, რომ ჩვენი წარმოდგენა ქართველ კაცზე, საერთოდ, ქართველ ხალხზე, ტყუილზე, სიცრუეზე, გამოგონილ განსაკუთრებულობაზე ავაშენეთ. როცა ჩვენ მივხვდებით, დავიჯერებთ, რომ ქართველიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შვილი, რომ ქართველისთვისაც არაფერი ადამიანური, არც კარგი და არც ავი, უცხო არ არის, მაშინ საქართველოში მომხდარ ყველა მოვლენას ფხიზელი გონებით, გამჭრიახი თვალით და გაგებით შევხვდებით. არც უსაფუძვლო სასოწარკვეთილება დაგვეუფლება და არც უსაფუძვლო აღტაცებას მივეცემით. ტყუილსა და სიცრუეზე ერისა და ქვეყნის მომავალი ვერ აშენდება, იგი სიმართლესა და ობიექტურობას უნდა დაეფუძნოს. სიმართლე და ობიექტურობა კი ის გახლავთ, რომ ჩვენ ლუარსაბ თათქარიძის გარდა, ამირანიც გვყავს, თეიმურაზ ხევისთავის გარდა _ ავთანდილიც, კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის გარდა _ მინდიაც. ქართველის სულში ამ ორი საწყისის ბრძოლაა. ჩვენ დღემდე იმიტომ მოვედით და მომავალშიც იმიტომ ვიქნებით, რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ამირანის, ავთანდილისა და მინდიას საწყისი იმარჯვებდა“.
დღეს აკაკი ბაქრაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.