„სისხლი სისხლის წინ“, ანუ მეფე თამარის სასტიკი პასუხი სომეხთა გაჟლეტისთვის
„სისხლი სისხლის წინ“, ანუ მეფე თამარის სასტიკი პასუხი სომეხთა გაჟლეტისთვის

მეცამეტე საუკუნის დასწყისში სომხეთი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შემოდიოდა და მის უსაფრთხოებაზე საქართველოს მეფე ზრუნავდა...
1208 წლის დიდმარხვა იდგა. მეფე თამარი გეგუთს ბრძანდებოდა. თან შემოერთებული სომხური თემების მფლობელი ზაქარია და ივანე მხარგრძელები ახლდნენ.
მაცნე მოვიდა გეგუთს, არდაველის სულთანი ადარბადაგანიდან დაძრულიყო და „უგრძნეულად მოსულა ანისსა“. იდუმალ დაბანაკებულა ქალაქის სიახლოვეს აღდგომის წინა დღეს, „დიდ-შაბათის მწუხრს“. ანისელებს მტრის მოსვლა ცისკრის ზარამდე არ გაუგიათ. ხოლო როცა „ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი“, თურქები გრიგალივით შეჭრილან ქალაქში და უმოწყალოდ დარევიან მოსახლეობას. დედაწულიანად გაუწყვეტია მომხდურს უიარაღო ხალხი ქუჩაბანდებსა და ფოლორცებში, მარტო ეკლესიებში 12 000 სომეხი დაუკლავთ „ვითარ ცხვარი“. სიკვდილს მხოლოდ ის გადარჩენია, ვისაც ციხეებში, გამოქვაბულებსა თუ სხვა რამ სამალავებში შეესწრო.
სისხლი ადინა თურქთა ლაშქარმა ანისს, მერე კი უამრავი ტყვითა და ალაფით დატვირთული გაბრუნდა უკან.
მოძმე სომეხთა მხეცურად ჟლეტამ შეაძრწუნა და განარისხა თამარი. ომისთვის სამზადისი ბრძანა არდავლის სულთნის დასასჯელად. მხარგრძელთა თათბირით, რაკი მომხდურებმა სომხები დიდ საქრისტიანო დღესასწაულზე ამოწყვიტეს, პასუხი დიდ მაჰმადიანურ დღესასწაულზე უნდა გაეცათ მათთვის.
მეფემ თანხმობა ბრძანა.
საომარი სამზადისი მალულად მიმდინარეობდა. მთებში გაშენებული არდაველი კარგად იყო გამაგრებული, ამიტომ მოულოდნელად უნდა დასხმოდნენ მას, რათა ქალაქის ჭიშკრის ჩაკეტვა ვერ მოესწროთ მცველებს. თანაც, თუ სულთნის მსტოვრები ქართველთა ლაშქრის მოძრაობას შენიშნავდნენ, მსწრაფლ აცნობებდნენ მბრძანებელს და ისიც მიმალვას ან ციხეში გამაგრებას მოასწრებდა.
ამიტომ ლიხთიმერეთიდან და ქართლიდან ერთი მეომარიც არ მიუხმიათ თამარის ვაზირებს, მხოლოდ კახელები, ჰერები, თორელები, თმოგველები და სომხითარნი გაამზადეს საომრად. მხარგრძელები მცირე რაზმით დადგნენ ანისში და იქიდან ხელმძღვანელობდნენ ლაშქრობის სამზადისს.
დათქმულ დროს სამეფო ლაშქარი, ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით, არდაველისკენ დაიძრა. ღამით „უგრძნეულად“ მიადგნენ არდაველს ქართველები.
მემატიანე მოგვითხრობს:
ის იყო, ქალაქის მთავარ მიზგითზე მოლა ახმიანდა და ქართველებიც გრიალით შეცვივდნენ არდაველში. ხელის განძრევა ვერ მოასწრო სულთანმა, ისე დაეცა მისი საბრძანებელი.
სასტიკი გამოდგა თამარის შურისძიება სომეხთა სისხლისათვის. მხარგრძელთა ბრძანებით, ანისის ეკლესიებში მხეცურად დაკლული 12 ათასი სომხის სანაცვლოდ, იმ დღეს არდაველის მიზგითებში ლოცვად დაცემული იმდენივე მუსლიმი მოიკლა. მათ შორის, თავად სულთანი, ხოლო ცოლი და შვილები მისი დაატყვევეს.
და როცა შურისძიების ჟინი დაირწყულეს, დიდძალი ალაფი მოკრიბეს გამარჯვებულებმა:
„ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვერცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვერცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრობა ძნელ სადმე არს...“
ასე გასცეს ქართველებმა მტერს საკადრისი პასუხი. მეფეთა შორის უსათნოესი თამარის მიმტევებლობასაც ჰქონდა საზღვარი. თანაც, უკეთუ არდაველის სულთანს ანისზე ქურდულად მიპარვა და მისი მოოხრება შერჩებოდა, ეს საქართველოს სისუსტედ ჩაითვლებოდა და ჩვენის ქვეყნის სხვა მტრებსაც წაათამამებდა მზაკვრობისკენ. ამადაც იყო თამარის შურისძიება ესოდენ დაუნდობელი; ამადაც
„შიში და ზარი მეფისა თამარისა იყო ყოველთა სულთანთა ზედა“.