ამბავი სამეგრელოს ამორძალი დედოფლისა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის აღშენებისა
ამბავი სამეგრელოს ამორძალი დედოფლისა და ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის აღშენებისა

საქართველოს ისტორიას არაერთი სახელი ახსოვს ერისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილ-გამოჩენილი ღვაწლის გამო - მდაბიოთა და მეფეთა, მხევალთა და დედოფალთა.
წარმომავლობასა და გვარს ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს - ქვეყნის მატიანე ადამიანებს სხვა პრინციპით იმახსოვრებს...
დღეს სამეგრელოს დედოფალზე, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ასულსა და ერეკლე მეორის შვილიშვილზე, ნინო ბაგრატიონზე გვსურს გიამბოთ, რომელსაც მიაჩნდა, რომ დედოფლის გვირგვინი ბევრ რამეს ავალებდა.
კახეთის უფლისწულის ასული ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი 1789 წელს გახდა, როდესაც ის სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანის ძეს, გრიგოლს მიათხოვეს.
ქორწინების ინიციატორი თავად კაცია I გახლდათ. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად უფლისწულ გიორგის დესპანად სამეგრელოს ეპისკოპოსი ანტონ ჭყონდიდელი და თავადი ბეჟან დადიანი აახლა. გიორგიმ ეს ამბავი მეფე ერეკლეს აუწყა, რომელსაც შვილიშვილებს შორის გამორჩეულად ჰყვარებია ნინო.
მეფემ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თანხმობა ბრძანა.
ნინო ბაგრატიონმა და გრიგოლ დადიანმა ჯვარი დაიწერეს და დიდი ქორწილიც გადაიხადეს. და როგორც იმ ქორწილში პირველად შეტანილ-დამკვიდრებული ახალი სადღეგრძელო „შეუდგები ქრისტესა!“ მოუწოდებდა, დედოფალი ნინო მართლაც შეუდგა ქრისტეს გზას.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი
ოდიშ-ლეჩხუმის ახალგაზრდა დედოფალმა, რომელიც თურმე შესანიშნავად ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას, უდიდესი ძალისხმევა შეალია აფხაზეთის თურქებისგან გათავისუფლების საქმეს. სახელოვანი პაპის მსგავსად, ცხენზე ამხედრებული თურმე უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს. დედოფლის მიზანი აფხაზეთის სამთავროზე სამეგრელოს ისტორიული უფლების აღდგენა იყო. 1810 წლის 21 ივლისს დედოფალმა, შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით, სოხუმის ციხის აღება მოახერხა და აფხაზეთი თურქი ემისრებისგან დაცალა. მერე კი, ძალიან მალე, გამდგარი ჯიქეთის დამოუკიდებელი თემებიც დაიმორჩილა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სამეგრელოს სამთავროს ნინო ბაგრატიონი მართავდა 1804-1811 წლებში. მას გვერდში ედგა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: მსაჯულთუხუცესი ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია ზუგდიდში
1805 წელს დედოფალმა რუსეთის საიმპერატორო კარზე გაგზავნა დეპუტაცია, რომელმაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა მეგრელთა უდიდესი სიწმინდე, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი. რუსეთის იმპერატორმა პატივით მიიღო მეგრელთა დეპუტაცია და დახმარება აღუთქვა ყველა იმ საქმეში, რასაც დედოფალი ითხოვდა. სათხოვარი კი ასეთი იყო: სამეგრელოს მთავრის უფლებების დაცვა ლეჩხუმზე, ოსმალეთის მიერ წართმეული ანაკლიის დაბრუნება, ტყვეთა სყიდვის ალაგმვა.
1806 წელს იმპერატორმა ვლაქერნის ხატი ძვირფასი თვლებით შეამკო და დეპუტაციას უკან, სამეგრელოში გამოატანა. თან უსტარიც აახლა დედოფალს:
მიზეზი იმპერატორის ამგვარი ჟესტისა იყო ის დიდი გავლენა და ავტორიტეტი იმ დროისათვის არეულ აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროებში, რომელიც ნინო ბაგრატიონს ჰქონდა.
გარდა ამისა, მეგრელთა საპატიო დეპუტაციამ დედოფალს იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ გაღებული მილიონი რუბლიც გადასცა ეკლესიის ასაშენებლად და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დასაბრძანებლად.
ეს ტაძარი სამეგრელოში მოგვიანებით, 1825-1830 წლებში აღაშენა გრიგოლ დადიანისა და ნინო ბაგრატიონის ვაჟმა ლევან V-მ, რომელიც დღეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარია.
ნინო ბაგრატიონ-დადიანის პორტრეტი ავსტრალიაში მცხოვრებმა ვიქტორ დადმიანმა შეიძინა აუქციონზე და საჩუქრად გადასცა ის საქართველოს.
1811 წელს სამეგრელოს დედოფალი ნინო ბაგრატიონი, საქართველოს სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რუსეთში გაიწვიეს. 1832 წლის შეთქმულების დროს ნინო ბაგრატიონს ბრალად დასდეს მათი თანამოაზრეობა და არქიეპისკოპოს ფილადელფოს კიკნაძესთან მიმოწერა, რომელიც იყო კიდეც ქართველ შეთქმულთა ერთ-ერთი წინამძღოლი. სწორედ ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა შეთქმულების წესდება „აკტი გონიური“, რომელსაც საფუძვლად დაედო ასევე მის მიერ შედგენილი ფიცი...
ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალყოფილი, ერეკლე მეფის საყვარელი შვილიშვილი ნინო ბაგრატიონი 1847 წლის 31 მაისს გარდაიცვალა პეტერბურგში. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმიდა თევდორეს ეკლესიაში.