ძმები ზუბალაშვილები, ლუვრის დარბაზი და თბილისური ქუჩა

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Feb 15, 2018
Help Translate This Item

არიზში ორჯერ მომიწია ყოფნა, ბუნებრივია ლუვრშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ მხოლოდ ახლა გავიგე, რომ გასული საუკუნის დასაწყისში ქართველ მეცენატს არაერთგზის გაუმართავს ხელი მუზეუმისთვის და ერთ-ერთი დარბაზი მის სახელსაც ატარებს.

* * *

ზუბალაშვილების გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. მღვდელი გიორგი ზუბალაშვილი, მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის თანამონაწილე, ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. მისმა შთამომავალმა, დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ზუბალაშვილმა (რომლის მამაც სოლომონ მეფესთან და სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან დაახლოებული პირი ყოფილა) ყურადღება მიაქცია, რომ იმერეთში არაყს ძალიან მცირედ მოიხმარდნენ და დიდძალი ჭაჭა ტყუილუბრალოდ იკარგებოდა. ამიტომ მცირე ამხანაგობა დააარსა და იმერეთის მოსახლეობისგან ჭაჭის შესყიდვა დაიწყო. გარდა ამისა, მასვე ეკუთნოდა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანაც.

იაკობის ვაჟი კონსტანტინე გორში მოკრძალებულად ცხოვრობდა მეუღლე ელისაბედ თუმანიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად, სანამ 1872 წელს მიწა არ იყიდა ბიბი-ეიბატში (ბაქო). ამ მიწაზე მალე ნავთობის მდიდარი საბადო აღმოჩნდა.

ზუბალაშვილების ფირმამ ნავთობის მოპოვება 1889 წლიდან დაიწყო და ოჯახი მალე მთელს რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ იქცა. 

სწორედ  კონსტანტინეს ოთხ ვაჟზე: ლევანზე, სტეფანეზე, პეტრესა და იაკობზე მინდა მოგითხროთ. 
 
სამეწარმეო საქმიანობის გარდა, ძმები ზუბალაშვილები დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ მიერ დაწესებული სტიპენდიებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპაში. მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების მხარდაჭერითა და ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილია ჭავჭავაძემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ასევე სათავადაზნაურო ბანკი. ძმების სახელს უკავშირდება ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, თბილისის უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის მშენებლობა, რისთვისაც ზუბალაშვილებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს.

სტეფანე ძირითადად ბაქოში ცხოვრობდა, საოჯახო ბიზნესში ნავთობის მოპოვება- გაყიდვას ხელმძღვანელობდა და იქიდან აქტიურად ეხმარებოდა ქართულ საზოგადოებას. კერძოდ, აფინანსებდა გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „ჯეჯილს“, დედის თხოვნით კი ბათუმში ააშენა ულამაზესი კათოლიკური ეკლესია.
 
ეროვნულ არქივში ინახება 1904 წლის 5 აპრილით დათარიღებული მისი წერილი, რომლის ადრესატი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაა“.

25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად, მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანავე, გიგზავნით 10 000 მანეთს და გთხოვთ, მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივარის ქართველისგან. სტეფანე ზუბალაშვილი.

სტეფანე ზუბალაშვილი 1904 წელს გარდაიცვალა.
 
პეტრეს შესახებ ცნობილია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად, იაკობი კი პარიზში დასახლდა. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ის ფაქტი, რომელიც წერილის დასაწყისში მოგახსენეთ: ლუვრის ერთ-ერთ დარბაზს „ზუბალაშვილის დარბაზი“ ეწოდება.

დიახ, ლუვრის მარმარილოს დაფაზე, რომელზეც მუზეუმში შეკრებილი საგანძურის გულუხვ მჩუქებელთა სახელებია ამიტვიფრული, არის იაკობ ზუბალაშვილის სახელიც. თურმე, როცა პარიზის მუზეუმებს სურათების, ქანდაკებების, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობათა შესაძენად თანხა არ ყოფნიდათ, იაკობ ზუბალაშვილი ჩუქნიდა მათ მუზეუმებს და ბოდიშს იხდიდა, რომ მეტის გაკეთება არ შეეძლო.

უცნაურია, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლები იაკობ ზუბალაშვილმა დიდ გაჭირვებაში გაატარა. ლუვრისა და მცირე სასახლის მადლიერმა დირექციებმა არ დაივიწყეს მისი ამაგი და რამდენჯერმე მატერიალურად დაეხმარენ.

Participant say

იაკობ ზუბალაშვილი 1941 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნეი სიურ სენის სასაფლაოზე.
 
ძმებს შორის ყველაზე ცნობილი ვაჭრის, კონსტანტინე ზუბალაშვილის უფროსი ვაჟი, აზნაური ლევან (ლევ) ზუბალაშვილი მოსკოვში, ტვერის ბულვარზე, ლანსკაიას სახლში ცხოვრობდა. იყო ფირმა „კ.ი.ზუბალაშვილის მემკვიდრეების" საერთო ხელმძღვანელი. 1892 წელს მამასთან ერთად მოსკოვის შორიახლო ააგო შემდგომში სახელგანთქმული სახლი, რომელსაც აგურის მაღალი კედელი ჰქონდა შემოვლებული და უფრო შუა საუკუნეების ციხე-სასახლეს ჰგავდა, რომელსაც მრავალთვიანი ალყის გაძლება შეეძლო. 
 
სახელი კი იმით გაითქვა, რომ რევოლუციის შემდეგ, 1919 წელს, სწორედ ეს კარ-მიდამო იყო სტალინის პირველი პერსონალური აგარაკი.

ზუბალაშვილის აგარაკის შიდა ეზო

მოსკოვში ასევე არის ლევ ზუბალაშვილის მიერ რკინიგზის მაგნატ ფონ-დერვიზებისგან შეძენილი დიდებული შენობა, რომელიც თავგადაკლული კოლექციონერი მფლობელის წყალობით, მალე მუზეუმს დამსგავსებია. მნახველები ამბობდნენ, რომ ზუბალაშვილი კოლექცია ტოლს არ უდებდა შჩუკინების, რიაბუშინსკებისა და მოროზოვების სახელგანთქმულ კოლექციებს.
რევოლუციის შემდეგ ეს სახლი რუმიანცევის მუზეუმს გადაეცა საჩუქრად, თუმცა 20-იან წლებში განათლების სახალხო კომისარიატმა ზუბალაშვილების მემკვიდრეობის დიდი ნაწილი მოსკოვის საკომისიო მაღაზიებში გაყიდა.
 
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ლევან ზუბალაშვილმა თავისი ხარჯით მოაწყო სამი კერძო საქველმოქმედო ჰოსპიტალი. გარდა ამისა, თვლა არ ჰქონდა სტუდენტებისა და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის გაწეულ ქველმოქმედებას, რომელთა დასახმარებლადაც მოსკოვის ოფისიდან გამუდმებით იგზავნებოდა ფული საქართველოში.

ლევან ზუბალაშვილი 1914 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. სკორბიაშჩენსკის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც მალევე მოსპეს.
 
საქართველოს წინაშე დიდი დამსახურების აღსანიშნავად, თბილისის ერობამ ძმებს: ლევანს, სტეფანეს (სიკვდილის შემდეგ), პეტრესა და იაკობს 1913 წლის 1 მაისს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სათანადო დიპლომები გადასცა.
 
ამგვარი გახლდათ ზუბალაშვილების ამ დიდებული წარმომადგენლების მოკლე ამბავი; მოკლე, რადგან მათ მიერ გაწეული ქველმოქმედების სრული ნუსხა გაცილებით უფრო დიდი და მრავლისმთქმელია.

თბილისში კი, ქუჩას, რომელზეც ზუბალაშვილების დაფინანსებით აშენდა უპოვართა სახლი და უფასო სასადილო, ძმები ზუბალაშვილების სახელი ეწოდა 1990-იან წლებში.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021