ოქმი №... „მიხეილ ჯავახიშვილი — ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი განადგურდეს ფიზიკურად“
ოქმი №... „მიხეილ ჯავახიშვილი — ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი განადგურდეს ფიზიკურად“
21 ნოემბერი მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა
21 ნოემბერი მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა მთავარანგელოზობას, წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა (მიხეილისა) და გაბრიელის ხსენების დღეს, ანუ 21 ნოემბერს. მშობლებს მიხეილიც ამიტომ დაურქმევიათ.
მიხეილ ჯავახიშვილი
როგორც იგონებდნენ, „დაბადებიდან სუსტი აღნაგობისა იყო... მორჩილი ტანისა, სუსტი, გამხდარი, ხშირად ხდებოდა ავად“.
მიხეილ ჯავახიშვილს ბაშვობიდანვე ერთი საინტერესო თვისება ჰქონდა — ჯიუტი ყოფილა, უკან დახევა არ უყვარდა. თავადაც ამბობდა:
„მე რომ გავჯიუტდებოდი, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ გამწევდაო“.
7 წლის მიხეილი პრივილნოეს სკოლაში მიაბარეს, ერთი წლის შემდეგ კი ჯელალ-ოღლის (ახლანდელი სტეფანავანი) სასწავლებელში გადაიყვანეს. ორივეგან სწავლება რუსულ ენაზე ყოფილა, ამიტომ სკოლიდან დაბრუნებულ მიხეილს უჭირდა ქართულად ლაპარაკი.
მიხეილი (მარჯვნივ), ძმა – ფრიდონ (მეორე მწკრივში), მესამე უცნობია
1893 წელს მას წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში მიაბარებენ. აქ უკვე ქართულად ასწავლიდნენ, მაგრამ თავად მიხეილს აქცენტი მაინც რუსულისა ჰქონდა. სწორედ, ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო, როცა შეხვდა ილია ჭავჭავაძეს. მიხეილ ჯავახიშვილი ასე იგონებდა:
„ — აბა, ბარათაშვილის ლექსი წამიკითხე, — მითხრა ილიამ. მეტი გზა არ იყო, წინდაწინვე გავწითლდი და დავიწყე:
„მორბის არაგვი, არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანი“...
მახვილი ისეთი ნამდვილი რუსული წესით ვიხმარე, ილიამ გაიცინა, არც სხვები ჩამორჩენილან. მე მეწყინა და მაშინვე გავჩუმდი. ილიამ თავზე ხელი გადამისვა და დამაწყნარა. ვიღაცამ უთხრა ჩემზე: ჯერ ქართული გამოთქმა არ ეხერხება, სამაგიეროდ, მწერლობას ისე ბეჯითად სწავლობს და ისე სწერს თხზულებას, რომ მწერალი უნდა გამოვიდესო.
— მართლა? აბა, შენ იცი, — მითხრა ილიამ. — ვინძლო არ შეგვარცხვინო!
იმ ვიღაცას ენამ უყივლა, თორემ მაშინ მწერლობა აზრადაც არ გამივლია“.
youtube embed goes here!
ეს შეხვედრა ბევრი რამით იყო მნიშვნელოვანი. გავა დრო და ისინი გაიზიარებენ ერთმანეთის ბედს: ილიას 1907 წელს განგმირავენ ქართველები, ჯავახიშვილს კი 1937 წელს დახვრეტენ.
1937 წლის 14 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი ქვიშხეთში დააპატიმრეს. 17 აგვისტოს კი მწერალთა კავშირში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მკაცრად დაგმეს მთელი მისი პიროვნება, შემოქმედება და, ზოგადად, მოღვაწეობა. მას წაუყენეს მოღალატისა და ხალხის მტრის ბრალდება:
„ოქმი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის სხდომის, 1937 წ. 17 აგვისტო,
მწერალთა აქტივთან ერთად მოისმინეს ინფორმაცია გამჟღავნებულ ხალხის მტერ მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ (ამხ. დ. დემეტრაძე). იგი აღნიშნავს, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ქართველი ხალხის მოღალატეთა ბანდის ჯაშუშებისა და დივერსანტების ხროვის აქტიური მონაწილე აღმოჩნდა. ეს ურყევი ფაქტებით იქნა დადასტურებული. მიხ. ჯავახიშვილის მთელი მოქალაქეობრივი სამწერლო ბიოგრაფია მკაფიოდ ახასიათებს მას, როგორც მუხანათურად შენიღბულ და უაღრესად თვალთმაქცობით შეიარაღებულ კლასობრივ მტერს.
მიხეილ ჯავახიშვილი და მისი შვილი ქეთევანი
სიტყვებით გამოვიდნენ მწერლები: ამხ.: კ. ლორთქიფანიძე, პ. საყვარელიძე, ი, მოსაშვილი, კ. ბობოხიძე. ილაპარაკეს ჯავახიშვილის მოღალატურ, გამცემლურ მუშაობაზე... აღნიშნეს: მიხეილ ჯავახიშვილი საბჭოთა მწერალი არასოდეს არ ყოფილა. ის, როგორც მოქალაქე და ადამიანი, მიუღებელი პიროვნებაა. მას ხალხის მტრებმა შეუქმნეს დიდი მწერლის სახელი. მისი ანგარება ყველასათვის ცნობილი იყო. ის იცავდა ფაშისტურ ხასიათის თეორიებს და სხვა. მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი გარიცხულ უნდა იქნეს მწერალთა კავშირის რიგებიდან და აღგვილი დედამიწის ზურგიდან.
დაადგინეს: მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი, გარიცხულ იქნას მწერალთა კავშირიდან და განადგურდეს ფიზიკურად“.
youtube embed goes here!
მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვა განაჩენის წინ
ასე სასტიკად, დაუნდობლად შეიწირა უდანაშაულო გენიოსი ბნელმა საბჭოთა იდეოლოგიამ — ტოტალიტარულმა რეჟიმმა.
დღეს წამებული დიდი მწერლის დაბადებიდან 137 წელი შესრულდა.