ელგუჯა ამაშუკელი: ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს

ზუსტად 90 წლის წინ, 1928 წლის 22 აპრილს, თბილისში დაიბადა დიდი ხელოვანი.

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Apr 22, 2018
Help Translate This Item

რთი წუთით წარმოვიდგინოთ საქართველოს დედაქალაქი ვახტანგ გორგასლის, ქართვლის დედის, დავით აღმაშენებლის, ცოდნის ზარი - დედა ენის, ვეფხვისა და მოყმის, ნიკო ფიროსმანის... მონუმენტური ძეგლების გარეშე. მათი შემოქმდი ელგუჯა ამაშუკელი იყო.

მისი მეუღლე, ცნობილი პოეტი ლია სტურუა იხსენებს:

  • „ელგუჯას დედა, ქეთევან ღამბარაშვილი, ძალიან განათლებული, მუსიკალური ქალი იყო. გიტარაზე უკრავდა, მღეროდა. მამა, დავით ამაშუკელი, კეთილშობილი და ვაჟკაცური ადამიანი გახლდათ. ელგუჯას ქანდაკების გაკეთება პირველად ბავშვობაში უცდია. თურმე ბაბუამისი რომ გარდაიცვალა, ქვისგან გამოთალა ბიუსტი და მის საფლავზე დადგა. მისი ძმა, კოტეც, ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ხატავდა, მღეროდა. კოტეს ძმისთვის რაღაც შეუსწორებია, უთქვამს, ბიუსტი ასეთი კი არა, ასეთი უნდა იყოსო. ელგუჯა გაბრაზებულა და ეს ბიუსტი სულ დაუმტვრევია“.


ელგუჯა ამაშუკელმა სკოლის დამთავრებისთანავე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფალულტეტზე ჩააბარა. აკადემიის დამთავრების შემდეგ კი სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1958 წელს ჩატარდა კონკურსი და მისი შექმნილი ძეგლი დაიდგა მეტეხის მოედანზე. ასე იქცა თბილისის სიმბოლოდ მეტეხი და ვახტანგ გორგასალი.

ელგუჯა ამაშუკელი ამბობდა:

  • „შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე, სიხარულთან ერთად, ბევრი ტკივილიც განმიცდია. ვიდრე ჩემს ამა თუ იმ მხატვრულ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამდი, არა ერთი და ორი წინააღმდეგობა გადამილახავს... საერთოდ, ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს. ბოროტს, ცუდს, უსიამოვნოს ის მალე ივიწყებს, თუმცა, არის მოვლენები, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ისე მძაფრადაა ჩაკირული, რომ არ ამოიშლება“.


ერთი ასეთი გამორჩეული მოვლენა იყო „ქართლის დედის“ მონუმენტის დადგმა. 1963 წლის იანვრში თაბორის მთაზე "ქართლის დედის" ქანდაკება დადგეს (მანამდე იმავე ადგილას, 1958 წელს დაიდგა ხის "ქართლის დედის" ქანდაკება, რომელიც ალუმინის ფურცლებით 1963 წელს შეიმოსა).

  • „ეს ქანდაკება თბილისის 1500 წლის საზეიმო დღეებში, 1958 წელს შევქმენი და მას „დედაქალაქი” ვუწოდე, „ქართლის დედა” ხალხმა შეარქვა მოგვიანებით. ქანდაკებაში ხმლისა და თასის აქსესუარი გამოხატულებაა არა მრავალშვილიანი ქართველი დედის ბუნებისა, არამედ, ჩვენი დედაქალაქის – თბილისის ისტორიული ხვედრისა – ათასი ჯურის მტრებთან გაუთავებელი ბრძოლებისა და კეთილი გრძნობით მოსულ სტუმართან ურთიერთობისა. მისი რეპროდუქცია მსოფლიოს არაერთმა ჟურნალმა და გაზეთმა დაბეჭდა. რაც უფრო იზრდებოდა ქანდაკების პოპულარობა, მით უფრო კრიტიკული ხდებოდა მისადმი დამოკიდებულება“.


ყველასთვის გასაოცრად, მოქანდაკე თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანმა დაიბარა და უთხრა, რომ ძეგლი სხვა ადგილას უნდა დაედგათ, რადგან იგი რუსთაველის პროსპექტიდან ხელს უშლიდა ლენინის ძეგლის აღქმას. საილუსტრაციოდ ავტორს წინ დაუდეს ლენინის ძეგლის ფონზე გადაღებული "ქართლის დედის" ფოტო.

  • "...უეცრად ვერ გავაცნობიერე ვერც ნათქვამი და ვერც - ფოტო. როცა სურათს ყურადღებით დავაცქერდი, უმალ მივხვდი, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ვიღაცას სპეციალურად ჩემი ნამუშევარი "ქართლის დედა" ისეთი წერტილიდან გადაუღია, რომ ქანდაკება ბელადს კისერზე ხმალს აბჯენდა. ყველაფერს მივხვდი", - წერდა მოგვიანებით ელგუჯა ამაშუკელი.


1965 წელს ამ ქანდაკებისათვის მას მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1969 წელს გაიმარჯვა ბულგარეთის სახელმწიფოს დამაარსებლის ხან ასპარუხის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მის მიერ შექმნილი ქანდაკება დაიდგა სოფიაში. მის ნამუშევარს - „დედა ენა" მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია; „დავით აღმაშენებელი" კი აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით.

ელგუჯა ამაშუკელი ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე", „მეექვსე გრძნობა", „დრო და შემოქმედი".  ასეთი რანგისა და მასშტაბის ხელოვანის შეფასება მომავლის საქმეა.

არც ისაა შემთხვევითი, რომ 1998 წელს ის ამერიკის ხელოვნების ცენტრმა "მსოფლიო ადამიანად" დაასახელა.

დღეს სწორედ ამ „მსოფლიო ადამიანის“ - ელგუჯა ამაშუკელის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021